ივანიშვილის რეჟიმი

არ ცნობენ დანაშაულად, ამბობენ რომ ჩაიდინეს პატრიოტული მოტივით - პროკურორი 4 ოქტომბერზე

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა. 

ცნობისთვის, ნადირაძეს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს და ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ მათ ბრალი 6 ოქტომბერს წარუდგინა.

წინასასამართლო სხდომა 26 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურტურის განცხადებით, ბურჭულაძეს, ზოდელავას და ნადირაძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ს 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორის თქმით, "არცერთი ბრალდებული არ უარყოფდა ფაქტობრივ გარემოებებს, ისინი არ ცნობენ ამას დანაშაულად და ამბობენ, რომ ეს ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტული მოტივით". 

"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ბრალდებულების მოწოდებები და მათ შორის მათი აქტიური ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს.

არცერთ ბრალდებული არ უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით. 

ამ ყველაფერს ისინი არ ცნობენ დანაშაულად და ამბობენ, რომ ეს ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ "პატრიოტული მოტივით"

ფაქტობრივ გარემოებებს და ქმედებებს სადავოს არ ხდიან, რომ მათ მიერ მოხდა აღნიშნული ქმდების განხორციელება და ჩადენა. 

[...] სისხლის სამართლი საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა - საქმეში მოიპოვება მოწმეთა გამოკითხვების ოქმები, რომლებმაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზარალდნენ ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებებით. 

არსებობს სხვადასხვა სახის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა

[...] სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით გაანცხადება გააკეთა, მხარეთა შუამდგომლობაზე აცილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა - ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარეს და მიგვაჩნია, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარსულში ქალბატონი მოსამართლე იკავებდა რაიმე სახის თანამდებობას, არ მიანიშნებს იმაზე, რომ ის შეიძლება იყოს მიკერძოებული". - თქვა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში აქციის 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა და მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს.

დარახველიძის თქმით, 2 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

კომენტარები