"საბოტაჟის მცდელობის" საქმეზე სასამართლოში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"როგორც ადვოკატმა ამიხსნა, კანონმდებლობა დეტალებზე საუბარს კრძალავს, რადგან დახურული გამოკითხვა იყო. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კითხვა ჩემს Facebook-პოსტებს შეეხებოდა და რას ვგულისხმობდი Facebook-პოსტების ქვეშ.
ჩემი ყველა Facebook-პოსტი არის საჯარო. შესაბამისად, ყველა კითხვა იმ განცხადებებს ეხებოდა, რომელსაც მე სოციალური ქსელის მეშვეობით ვაკეთებ [...] კითხვები დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო. ზუსტად იგივე გავიმეორე, რასაც სულ ვამბობ - დიახ, ნაცემი და ნაწამები ადამიანების დასახმარებლად დახმარების ფონდებში რამდენიმე ათასი ლარი გადავრიცხე". - თქვა ქადაგიძემ.
ქადაგიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, კითხვები ასევე ეხებოდა ქადაგიძის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ.
"მიაჩნია თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმურად და სხვა მსგავსი სისულელეები [...] მას კითხვებს უსვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, როცა დაწერა, პირობითად, არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგები არალეგიტიმურია, რას გულისხმობდი ამაშიო. ასევე, როცა თქვა, რომ რუსთაველზე ბევრი ხალხი უნდა ვიყოთო, ეს არის თუ არა აქციის ორგანიზატორობა, რაც ბუნებრივია, სისულელეა". - ამბობს ადვოკატი.
27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის" ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.





