რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ზატულინი ირწმუნება, რომ საქართველოში პროტესტები საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობაა. მისივე მტკიცებით, ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან სიტუაციის რეალისტურად აღქმის უნარის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ევროკავშირს "უგუნურად" ემორჩილებიან.
"უკვე პირველი წელი არაა, რაც საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდებიან სამოქალაქო ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ მოქმედ ხელისუფლებას და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან მიხეილ სააკაშვილთან, გამოდიან ევროკავშირის ლოზუნგებით. არანაირი ეჭვი არსებობს, რომ საქართველოს არჩევნები არის მორიგი დაპირისპირება მათ შორის, ვინც რეალისტურად უყურებს საქართველოს სიტუაციას და ვინც აბსოლუტურად უგუნურად მოქმედებს ევროკავშირის პატრონაჟის ქვეშ და ესწრაფვის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტში ჩართვას." - თქვა ზატულინმა.
ზატულინმა 4 ოქტომბრის აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამას დემოკრატიის უკუსვლად "გაასაღებენ".
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს დაუყოვნებლივ გაასაღებენ დემოკრატიულ უკუსვლად. ამის შესახებ უკვე ამბობდა ქალბატონი სანდუ, რომელმაც ახლახანს გააყალბა არჩევნები, და მისი პარტნიორებიც." - თქვა ზატულინმა.





