4 ოქტომბერი

კლინიკა ჰელსიკორში, სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები მივიდნენ

კლინიკა ჰელსიკორში, სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები მივიდნენ. კლინიკაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ შევიდნენ. 

მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუ რასთან დაკავშირებით არიან ჰელსიკორში.

პაატა ბურჭულაძის შვილის, ლექსო ბურჭულაძის თქმით, პოლიციელები ბურჭულაძესთან პალატაში არიან შესულები. "სავარაუდოდ დააკავებენ" - უთხრა ლექსო ბურჭულაძემ TV პირველს.


ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა. გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძემ.

კომენტარები