ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი პარლამენტის დაფუძნების მიზნით სირია 5 ოქტომბერს არაპირდაპირ არჩევნებს გამართავს, რაც სირიის გარდამავალი პროცესის საკვანძო ნაბიჯად ითვლება.
Reuters-ის ინფორმაციით, არაპირდაპირი არჩევნების ფარგლებში, 6 000 წევრისგან შემდგარი რეგიონული საარჩევნო კოლეგიები 210-ადგილიანი პარლამენტის ორ-მესამედს აირჩევენ. შარაას მიერ დანიშნულმა კომიტეტმა 1570 კანდიდატი დაამტკიცა.
ორი-მესამედის არჩევის შემდეგ კი პრეზიდენტი შარაა, რომლის ძალებმაც ასადის რეჟიმი გასული წლის დეკემბერში დაამხვეს, პარლამენტში ადგილების ბოლო ერთ-მესამედს თავადვე დანიშნავს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ საყოველთაო არჩევნების ნაცვლად ამ სისტემას მოსახლეობის რაოდენობისა და მონაცემების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიმართეს, რაც გამოწვეულია ომის შედეგად მილიონობით სირიელის იძულებით გადაადგილებით.
უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მიზეზების გამო, მათ ასევე გადაწყვიტეს, გადაედოთ საარჩევნო პროცესი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელსაც ქურთები აკონტროლებენ, და ასევე სუვეიდას პროვინციაში, რომელსაც, ძირითადად, დრუზი შეიარაღებული ჯგუფები მართავენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პარლამენტში 19 ადგილი ვაკანტური დარჩება.





