რუსული რეჟიმი

კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მის აღმატებულება ალენ ბერსესთან

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. კობახიძე წერს, რომ ბერსეს "კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ". კობახიძე შეხვედრას "ნაყოფიერს" უწოდებს.

 "დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში  გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ალენ ბერსესთან.  მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად“, - წერს კობახიძე.

ამასთან, ივანიშვილის პრემიერმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრისას "ყველა თემას" შეეხო.

"მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა. ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მე მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით“, - თქვა კობახიძემ.

კომენტარები