გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, მწვავედ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და მას ევროკავშირის უსაფრთხოების საჭიროებებზე მოლაპარაკებების შეფერხებაში დასდო ბრალი.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა შეხვედრაზე განიხილავდნენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს რუსული საფრთხეების წინააღმდეგ საკუთარი თავის უკეთ დაცვა და უკრაინის მხარდაჭერა.
"ეს ინტენსიური იყო, განსაკუთრებით საინტერესო ევროპული სამიტი იყო," განუცხადა ორბანმა პროსამთავრობო Mandiner-ს. საკითხთან დაკავშირებით გერმანულ და უნგრულ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საკითხს ორ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კვლავ დაუბრუნდებიან. სამიტზე მოსალოდნელია, რომ ევროკომისია 2030 წლისთვის ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერების საგზაო რუკას წარადგენს.
2 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერებთან ერთად სამხედრო საჭიროებებთან დაკავშირებით გაფართოებულ ფორმატს დაესწრნენ სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებიც.





