2 ოქტომბერს, ებრაელთათვის უმთავრეს და უწმინდეს იომ-ქიფურის დღესასწაულზე, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული პირი თავშეყრის ადგილას მანქანით შევარდა და ერთ-ერთი მოქალაქე დანით დაჭრა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულ პირს თან ბომბიც ჰქონდა. ამის გამო ადგილზე სპეციალური განმნაღველი დანაყოფი გამოიძახეს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ებრაელებზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით სინაგოგებთან "დამატებითი საპოლიციო ძალები" იქნებიან მობილიზებული.
"შემიძლია განვაცხადო, რომ დამატებითი საპოლიციო ძალები უკვე იგზავნება ქვეყნის მასშტაბით არსებულ სინაგოგებთან და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ ჩვენი ებრაული საზოგადოების უსაფრთხოებისთვის" - თქვა პრემიერმინისტრმა, რომელმაც კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული ქვეყნების პოლიტიკური შეხვედრა ამ ინციდენტის გამო ადრე დატოვა.
"ის ფაქტი, რომ თავდასხმა ებრაული კალენდრის უწმინდეს დღეს, იომ-ქიფურზე, მოხდა, სიტუაციას კიდევ უფრო შემზარავს ხდის. თანადგომას ვუცხადებ დაზარალებულთა ახლობელ ადამიანებს" - წერს კირ სტარმერი პლატფორმა X-ზე.
მანჩესტერის მერმა ენდი ბარნჰემმა თავდასხმის შემდეგ საზოგადოებას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისაკენ მოუწოდა.
"ცხადია, რისი ცოდნაც ახლა ყველას გვინდა, არის ის, თუ როგორ გრძნობენ თავს ჩვენი საზოგადოების ებრაელები" - განაცხადა მერმა BBC-თან რადიო ინტერვიუში.
განახლება: ლონდონის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ბოლო ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 35 წლის სირიული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე, ჯიჰად ალ-შეიმი. პოლიციის განცხადებით, ტერაქტი სავარაუდოდ მან განახორციელა.





