რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დანიის პრემიერი: ეს ომი რუსეთის მარცხს წარმოადგენს, ყოველი უკრაინელის დამსახურებით

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი საუბრები იყო უკრაინაში მშვიდობის შესახებ. იყო შეხვედრები, წინასწარი შეხვედრები, ბრიფინგები შეხვედრების შესახებ და ამასობაში რუსეთი განაგრძობს თავის სასტიკ იერიშებს. ახლა უკვე ყველასთვის აშკარა უნდა იყოს: რუსეთი არ გაჩერდება, სანამ იძულებულები არ იქნებიან. ისინი საფრთხეს წარმოადგენენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ - ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ერთი დიდი დავალება გვაქვს ჩვენს წინაშე: ჩვენი საერთო ევროპა იმდენად ძლიერად უნდა ვაქციოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ომი წარმოუდგენელი გახდეს და ჩვენ ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ.

[...] ძვირფასო ვოლოდიმირ [ზელენსკი], თითქმის ოთხი წელია, თქვენ და თქვენი თანამემამულეები უკრაინას დაუნდობელი, სრულმასშტაბიანი რუსული თავდასხმისგან იცავდით და ახლა თქვენ გამორჩეული გამბედაობით იბრძვით, აკავებთ პუტინს, იცავთ ყველა ევროპელს. თქვენ გააკეთეთ ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა.

[...] სანამ სიტყვას გადავცემ, მინდა, რომ ყველა თქვენგანმა ერთი რამ გაიხსენოთ. 2022-ში, როცა ეს პოლიტიკური ოჯახი შეიქმნა, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო, პუტინს, სულ მცირე, სამი რამ უნდოდა: მას უნდოდა კიევის დაპყრობა, სურდა უკრაინის მთავრობის დამხობა და უნდოდა ევროპის დანაწევრიანება. დღეს, თითქმის 4-წლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, მილიარდობით დოლარის დახარჯვისა და ათასობით რუსის სიცოცხლის გაწირვის შემდეგ, პუტინმა ვერცერთს ვერ მიაღწია. ეს ომი რუსეთის მარცხს წარმოადგენს, პირველ რიგში, თქვენი დამსახურებით, ვოლოდიმირ - ყოველი მამაცი უკრაინელი ქალისა და კაცის დამსახურებით, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის. მაგრამ ასევე ყოველი ქვეყნის წყალობით, რომელიც მხარს გიჭერთ. ევროპა ძლიერია, როცა ამას გადავწყვეტთ და ჩვენ გვჭირდება, რომ ის კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

თქვა დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე გახსნითი სიტყვის წარმოთქმისას.

კომენტარები