თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან.
პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსაჯვრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაში ედებათ.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ასევე, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც, მძღოლს, რომლის მანქანითაც ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი დატოვა.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.





