საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ასევე, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც, მძღოლს, რომლის მანქანითაც ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი დატოვა.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა ამისა, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.





