პოლონეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ 28 სექტემბრის ღამეს რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის საელჩო დაზიანდა.
სპიკერმა პაველ ვრონსკიმ პოლონურ მედია RMF24-ს განუცხადა, რომ საელჩოს სახურავზე, სავარაუდოდ, მცირეკალიბრიანი რაკეტა დაეცა და შენობის ჭერი დააზიანა, რის შედეგადაც ჭერის ნამსხვრევები საელჩოს სამზარეულოში ჩაიყარა. ვრონსკიმ დაამატა, რომ ზიანი "დიდი არ იყო" და მსხვერპლიც არ მოჰყოლია.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
2025 წლის სექტემბერში რუსულმა დრონებმა დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები. 10 სექტემბრის მასობრივი თავდასხმის დროს პოლონეთმა რამდენიმე რუსული დრონი ჩამოაგდო, რომლებმაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
კიევზე თავდასხმების დროს უცხო ქვეყნების საელჩოები წარსულშიც დაზიანებულა. 2024 წლის დეკემბერში რუსულმა რაკეტამ დააზიანა შენობა, რომელშიც ალბანეთის, არგენტინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პორტუგალიისა და მონტენეგროს საელჩოები იყო გახსნილი.





