27 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდა.
ლავროვმა თქვა, რომ რუბიოსთან მოსალოდნელი შეხვედრა მიზნად ისახავს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში არსებული “გამაღიზიანებელი ფაქტორების” აღმოფხვრას.
აშშ-ს ჯერ არ დაუდასტურებია ინფორმაცია მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ. კრემლის დაქვემდებარებაში მყოფ მედიას Interfax Russia-ს, რომელმაც ლავროვის განცხადება გააშუქა, შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, ორი მაღალჩინოსანი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად ერთმანეთს შეხვდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ შეხვედრასთან დაკავშირებით სახდეპის სპიკერის პირველი მოადგილის, ტომი ფაიგოტის განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუბიომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნები გაიმეორა, რაც "მკვლელობების შეწყვეტასა და მოსკოვის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად შინაარსობრივი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს."
"სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მდივანმა გაიმეორა ტრამპის მოწოდება, რომ მკვლელობა დასრულდეს და რომ მოსკოვის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი დასრულების მიმართულებით შინაარსობრივი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გაეროს ასამბლეის დაწყების დღეს, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინი და რუსეთი "დიდ ეკონომიკურ გასაჭირში" იმყოფებიან და დაამატა, რომ ახლა უკრაინის მოქმედების დროა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტრამპის განცხადების პასუხად ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი "ქაღალდის ვეფხვი" არ არის, არამედ დათვია, ხოლო "ქაღალდის დათვები" არ არსებობენ და რუსეთი "ნამდვილი დათვია".





