28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ არჩევნებს ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ გამოცდად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
"თუ რუსეთი მოლდოვაზე კონტროლს მოიპოვებს, შედეგები მყისიერი და სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის" - თქვა სანდუმ გასულ ორშაბათს თავის მიმართვაში.
Reuters წერს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, მაგალითად პრორუსულმა "პატრიოტთა ბლოკმა", ეკონომიკური კრიზისისა და რეფორმების ნელი ტემპით გამოწვეული ამომრჩეველთა უკმაყოფილებით ისარგებლეს, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მასობრივმა დეზინფორმაციის კამპანიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.
რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს უარყოფს და ამბობს, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ ანტი-რუსული ნარატივი საარჩევნო კამპანიაში გამოიყენა.
გამოკითხვები მიუთითებს, რომ სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას (PAS) შესაძლოა უმრავლესობის შენარჩუნება გაუჭირდეს.
Reuters აღნიშნავს, რომ მოლდოვის დიდმა დიასპორამ, რომლის აზრიც გამოკითხვებში, როგორც წესი, ვერ აისახება ხოლმე, შესაძლოა არჩევნებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. სავარაუდოა, რომ დიასპორის დიდი ნაწილი პროევროპულ PAS-ს დაუჭერს მხარს.





