ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შეხვდა. ყაველაშვილის თქმით, ალექსანდარ ვუჩიჩთან და პეტერ პელეგრინთან ქვეყნებს შორის "ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები" და მათი "გაღრმავების გზები" განიხილა. როგორც ის წერს, ვუჩიჩმა სერბეთში მიიწვია, თავად კი, სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა.
"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შევხვდი. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს - შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი ჩემი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე. შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ" - წერს ივანიშვილის პრეზიდენტი.
რაც შეეხება სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, პეტერ პელეგრინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს".
"შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.
სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე" - წერს ყაველაშვილი.





