NATO-რუსეთი

შიკორსკი რუსეთს: თუ ჩვენს სივრცეში შემოსულ თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ, საწუწუნოდ ნუ მოხვალთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი
Sarah Meyssonnier/AFP/Getty Images

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ რუსეთმა არ უნდა "იწუწუნოს" იმ შემთხვევაში, თუკი პოლონეთი საკუთარ საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შემოსულ რაკეტას ან თვითმფრინავს ჩამოაგდებს. 

"მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს რუსეთის მთავრობისთვის: თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა ჩვენს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე და მას ჩამოვაგდებთ, და ნამსხვრევები NATO-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, გთხოვთ, საწუწუნოდ აქ [გაეროში] ნუ მოხვალთ. ჩვენ გაგაფრთხილეთ." - მიმართა შიკორსკიმ რუსეთს.

"ვიცით, რომ თქვენ საერთაშორისო სამართალი არ განაღვლებთ და არ შეგიძლიათ თქვენს მეზობლებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება. თქვენი შეურაცხადი ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც მანამ არ შეწყდება, სანამ არ მიხვდებით, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია ვერ აღდგება." - დაამატა მან. 

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ვარშავა ჩამოაგდებს მოწინააღმდეგის საჰაერო თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. 

"მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო. ჩვენ დისკუსიის გარეშე მივიღებთ მფრინავი ობიექტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას, როდესაც ისინი ჩვენს ტერიტორიაში შემოიჭრებიან და პოლონეთის თავზე გადაიფრენენ. აქ დებატებისთვის ადგილი არ არსებობს," თქვა ტუსკმა პრესკონფერენციაზე. 

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

ხოლო 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.

კომენტარები