აშშ

ტრამპმა H-1B ვიზებზე $100 000-იანი გადასახადი დააწესა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უცხოელი კვალიფიციური მუშახელისათვის განსაზღვრულ H-1B ვიზის პროგრამის მონაწილეებისთვის $100 000-იან გადასახადს აწესებს.

ტრამპის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კომპანიები პროგრამას "ბოროტად იყენებდნენ".

BBC აღნიშნავს, რომ პროგრამის კრიტიკოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ H-1B ვიზები ამერიკელ მუშახელს უწევს კონკურენციას და მათ შანსებს ამცირებს. ხოლო, პროგრამის მხარდამჭერები, მათ შორის, მილიარდერი ილონ მასკი, მიიჩნევენ, რომ პროგრამა აშშ-ს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს საუკეთესო ტალანტი მიიზიდოს.

ტრამპის ბრძანება ძალაში 21 სექტემბერს შევა. აშშ-ის სავაჭრო მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ ბრძანება ვიზის მხოლოდ ახალ მოთხოვნებზე გავრცელდება, თუმცა კომპანიებს გათვალისწინებული თანხის გადახდა თითოეულ აპლიკანტზე ექვსი წლის განმავლობაში მოუწევთ.

2004 წლიდან H-1B ვიზების განაცხადების რაოდენობა წელიწადში 85,000-მდე არის შეზღუდული.
აქამდე H-1B ვიზებს სხვადასხვა ადმინისტრაციული მოსაკრებელი ახლდა, რომლის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1 500 დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, H-1B ვიზის პროგრამა კრიტიკულად მნიშვნელოვნად იქცა აშშ-ს ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებისა და დასაქმების სააგენტოებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური როლის შესავსებად უცხოურ მუშახელზე არიან დამოკიდებულები. 

Reuters-ის ინფორმაციით, Amazon-მა 2025 წლის პირველ ნახევარში 10 000-ზე მეტი H-1B ტიპის ვიზის დამტკიცება შეძლო, ხოლო Microsoft-სა და Meta Platforms-ს თითოეულს 5 000-ზე მეტი H-1B ტიპის ვიზა აქვთ დამტკიცებული. 

მთავრობის მონაცემების მიხედვით, პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი ინდოეთი იყო: დამტკიცებული ვიზების 71% სწორედ ინდოეთზე მოდიოდა, ხოლო ჩინეთი მეორე ადგილზე იყო - 11.7%-ით. 

კომენტარები