NATO-რუსეთი

NATO-ს საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ელჩი დაიბარა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ კვირას NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარეს.

10 სექტემბერს პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რუსული დრონები ჩამოაგდო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. ამასთან, რუმინეთმა 13 სექტემბერს თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნნენ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა სრულად მიუღებელია. მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და გმობს რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებს.

"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ მისი აგრესია უფრო აძლიერებს NATO-ს მოკავშირეების ერთობას და ჩვენს მიზანს, მხარს ვუჭერდეთ უკრაინას. ნებისმიერ მსგავს შეჭრას მომავალში ძალის გამოყენებით შევხვდებით." - დაამატა სპიკერმა.

თავის მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მიტანილი ბოლოდროინდელი იერიშების დროს რუსეთის მიზანი არ ყოფილა პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმა.  

"რუსეთს არ სურს, დაძაბულობა შეიქმნას პოლონეთთან ან NATO-სთან." - წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები