პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონების ნაწილი NATO-ს ბაზისკენ მიფრინავდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუშინ ალიანსში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შიდა ბრიფინგი გაიმართა, სადაც, მათ შორის, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის საკითხიც განიხილეს.
Die Welt აღნიშნავს, რომ პოლონეთში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ხუთი რუსული დრონი NATO-ს ბაზისკენ მიფრინავდა, რომელიც უკრაინაში სამხედრო დამხარების მიწოდებას უზრუნველყოფს.
როგორც გამოცემა წერს, NATO-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეს ქმედება მიზნად ისახავდა ალიანსის რეაგირების სიჩქარისა და რესურსების გამოცდას, რომელსაც NATO დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს.
ამასთან, Die Welt ხაზს უსვამს, რომ ალიანსი დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას თავდასხმად არ აღიქვამს, რადგან დრონების ნამსხვრევებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.





