უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის სავარაუდო ადგილებად შვეიცარია, ავსტრია და თურქეთი დაასახელა.
"ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია და ევროპელებმაც ამას გაუსვეს ხაზი, რომ შეხვედრა ევროპის ნეიტრალურ ნაწილში უნდა ჩატარდეს. რადგან უკრაინასა და ევროპის კონტინენტზე ომია. მე ვთქვი, რომ თანახმა ვართ. შვეიცარია, ავსტრია – თანახმა ვართ". - თქვა ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკიმ თურქეთზეც ისაუბრა, როგორც შეხვედრის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილზე და აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ს წევრი და ევროპის ნაწილია.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა შეხვედრის მოსკოვში გამართვის ვერსიაზე და ბუდაპეშტში გამართვის შესაძლებლობას "რთული" უწოდა უნგრეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე დაფიქსირებული პოზიციის გამო.





