მოქალაქე თეონა ადუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბაგა ბაღში აღმზრდელმა მის 5 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. როგორც მშობელი წერს, მისი შვილის გარდა, სხვა ბავშვზეც იძალადეს. მისივე თქმით, არსებობს ფაქტიზ ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
"ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში, გამოსაშვებისთვის ლექსებს იმეორებენ, რომელსაც საერთოდ ვერ დავესწარით, "აღმზრდელად" წოდებული (სავარაუდოდ ხმაურმა გააღიზიანა) დგება თავისი მაგიდიდან, მიდის ბავშვებისკენ, ხელს იქნევს ჯერ ერთი ბავშვისკენ და შემდეგ მეორისკენ, ბავშვები წონასწორობას კარგავენ და ორივე ვარდება იატაკზე (არსებობს ვიდეოჩანაწერი)" - წერს ადუაშვილი.
ტაბულა მშობელს დაუკავშირდა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას თქვა, შემთხვევა სამგორის N45 ბაგა-ბაღში, 2 ივნისს მოხდა. მისი თქმით, ბავშვმა უთხრა, რომ აღმზრდელმა ხელი დაარტყა, რაც გაუწითლდა და გასაგრილებლად წყალს შეუშვირა. ადუაშვილის თქმით, აღმზრდელს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი უარყო და ბავშვთან გასაუბრება მოითხოვა.
მშობელი ამბობს, რომ ბავშვის მონაყოლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერში იპოვა ფაქტის ამსახველი მასალა, რის შემდეგაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა. მისი თქმით, სააგენტოსგან ოფიციალური განცხადება არ მიუღია,
"სააგენტოში დავრეკე, ვუთხარი, რომ კადრები მქონდა ნანახი და [ბაღის დირექციას] არ გაუვიდოდა თქმა, რომ არ არსებობდა ჩანაწერი და ა.შ. სააგენტო შევიდა, ამოიღეს ჩანაწერები. დამირეკეს და მითხრეს, რომ ნამდვილად იყო ძალადობის ფაქტი და ბოლოს, რასაც ჰქვია, ამოვგლიჯე - რა სანქცია გატარდათქო და მითხრა, რომ "სასტიკი საყვედური გამოვუცხადეთ, ჩვენ უშუალოდ დირექტორის და მისი მოადგილის სამსახურიდან გაშვება გვეხება და მასწალებელზე დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილეობაო".
ადუაშვილის მტკიცებით, დირექტორი "კბილებით იცავს" აღმზრდელს.
"კრება მოიწვია და მშობლებს არწმუნებდა, რომ ვერცერთმა ინსტანციამ ამ ვიდეოჩანაწერებში ვერაფერი ვერ ნახა, თუმცა, როდესაც მშობლებმა თავისი თვალით ნახეს ჩანაწერი, რეალურად დარწმუნდნენ, რომ აქ მოგონილი არაფერი არ ყოფილა". - ამბობს მშობელი ტაბულასთან.
როგორც ადუაშვილი განმარტავს, სააგენტოს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა გამოძიებისგან პასუხი ვერ მიიღო. მშობელი ეჭვობს, რომ აღმზრდელს მფარველობენ, რის გამოც საქმეს მსვლელობა არ მიეცა.
"ბავშვთან ერთად ვიყავი არასრულწლოვნების განყოფილებაში, იქ ეგრევე შეეტყო სიტუაციას, რომ ამ ქალს ჰყავს ვიღაც მფარველი… გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩვენი უფროსი ახლა შეიცვალა და მისგან გვჭირდება თანხმობა გამოძიების დაწყებაზეო, თუმცაღა კადრები ნანახი ჰქონდა თვითონაც. მის შემდეგ გამომძიებელს ვწერ და არ გამოდის კონტაქტზე. გავიგე, რომ გამოძიება არ დაიწყო, მაგრამ რა სანქცია გატარდა?” - ამბობს მშობელი და აღნიშნავს, რომ მისი შვილი ბაღში აღარ წასულა, აღმზრდელი კი - მუშაობას აგრძელებს.
"დირექტორმა შეადგინა წერილი, სადაც გამოსაშვების დროს მშობლებს ხელი მოაწერინა ფურცელზე, რომ ეს აღმზრდელი არის უფრთო ანგელოზი, არადა შარშან ან შარშანწინ ზუსტად გამოსაშვების ჯგუფთან ჩუსტი ჩაარტყა ერთ-ერთ ბავშვს და დიდი ახსნა-განმარტებები აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტია, ვიღაც მფარველობს და შეუნარჩუნეს ადგილი მაშინაც და ახლაც". - გვეუბნება მშობელი.
ტაბულა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შსს-ს ჩართვის შემდეგ ისინი საქმის მსვლელობაში არ მონაწილეობენ და შემთხვევას საგამოძიებო უწყება იკვლევს.
რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში ამბობენ, რომ მშობელთან ერთად ნახეს კადრები. გარდა ამისა, პროცესში ჩართული იყო აღმზრდელიც. კადრებით ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა - მასწავლებელი და მშობელი კი მორიგდნენ. შესაბამისად, საქმეს მსვლელობა არ მისცემია.
აღნიშნულს ჩვენთან საუბარში უარყოფს თეონა ადუაშვილი, მისი თქმით, "მსგავსი არაფერი არ ყოფილა". მისი ოჯახის წევრებს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ აღმზრდელის შვილი სუს-ში მუშაობს.
"3 ან 4 ივნისს, ბავშვთან ერთად ვიყავი, გამესაუბრა მათი უფროსიც და თვითონ გამომძიებელიც, ელოდებოდნენ თანხმობას გამოძიების დაწყებაზე, მითხრეს, ახლა წადით და თანხმობას რომ მივიღებთ, დაგიკავშირდებითო. მალევე 3 დღეში, სამსახურის მერე გავედი, ისევ მათი უფროსი გამესაუბრა, მითხრა, რომ გამოკითხვის ოქმს შეავსებდა, ველოდებით, უფროსი უნდა დაინიშნოს, ვინც გამოძიების დაწყებაზე რეალურად თანხმობა უნდა მოგვცეს, ის არ არის დანიშნულიო. დაგირეკავთ, რომ ბავშვი კიდევ ერთხელ გამოვკითხოთო, ეს იყო და ეს. მაგის მერე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, გარდა იმისა, რომ დამირეკა, “ბავშვი მიიყვანეთ თუ არა ღონისძიებაზე, ჩვენ მასწავლებელს დავავალეთ, როგორც უნდოდა, ბავშვის პრობლემა ისე მოეგვარებინაო".
მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ თავისი სუს-ში მომუშავე შვილის დახმარებით, არ ვიცი დაშინების მიზნით, თუ რა იყო, ჩემი ოჯახის წევრებს დაურეკეს და გაგვაგებინეს, რომ სუს-ში ჰყავს შვილი. გამომძიებელს ვუთხარი ეგ, სხვა ვერაფრით ვერ მოაგვარა, გარდა იმისა, რომ სუს-იდან არეკინებს-მეთქი. მაგის კომუნიკაცია იყო, რომ ადეკვატური არ არის ეს ქალიო. ამის შემდეგ ვწერ გამომძიებელს და პასუხიც არ მიმიღია". - ამბობს ადუაშვილი.





