რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: სარატოვის ქარხანამ უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა

რუსეთში, ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა. ინფორმაციას Bloomberg საკითხის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თუ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საპროექტო სიმძლავრე დღე-ღამეში 140 000 ბარელი ნედლი ნავთობია, მუშაობის განახლებას დროულად ვერ შეძლებს, ეს შესაძლოა, აისახოს ბენზინის შიდა მიწოდებაზე იმ პერიოდში, როდესაც სეზონური მოთხოვნა იზრდება.

Bloomberg-ის ცნობით, ეს ამ თვეში უკვე მესამე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 აგვისტოს დაადასტურა, რომ დრონებით იერიშის შედეგად სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. 

მოგვიანებით, სარატოვის ოლქის გუბერნატორმა "ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე დაზიანების" შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

    კომენტარები