გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანიები - Nvidia და AMD - დათანხმდნენ, რომ აშშ-ს მთავრობას ჩინეთში გაყიდული ჩიპების შემოსავლების 15%-ს გადაუხდიან, რაც გამოცემის მიხედვით, ნახევარგამტარების ექსპორტისთვის ლიცენზიების მოპოვების მიზნით ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული უჩვეულო შეთანხმების ნაწილია.
ამერიკელ მაღალჩინოსანსა და კიდევ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ჩიპების მწარმოებელი ორივე კომპანია ფინანსურ შეთანხმებაზე დათანხმდა იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ჩინურ მარკეტზე ექსპორტის ლიცენზიას მოიპოვებენ, რაც მათ უკვე გასულ კვირაში მიენიჭათ.
Nvidia ჩინეთში H20 ტიპის ჩიპების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 15%-ს მთავრობას გადასცემს და იმავეს გააკეთებს AMD ჩინეთში MI308 ტიპის ჩიპების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების შემთხვევაშიც. თუმცა, ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რაში გამოიყენებენ ამ თანხას.
Financial Times-მა 8 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა H20 ტიპის ჩიპებზე საექსპორტო ლიცენზიების გაცემა დაიწყო, ორი დღის შემდეგ კი Nvidia-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ ლიცენზიების გაცემა ჩინეთისთვის განკუთვნილ AMD-ის ჩიპზეც დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ მსგავსი შეთანხმება უპრეცედენტოა. ექსპორტის კონტროლის საკითხებში ექსპერტი პირები ამბობენ, რომ აქამდე არცერთ ამერიკულ კომპანია არ დაუდია შეთანხმება, რომელიც საექსპორტო ლიცენზიების მოპოვების სანაცვლოდ შემოსავლების წილის მთავრობისთვის გადაცემას გულისხმობდა.
Bernstein-ის ანალიტიკოსების გამოთვლებით, საექსპორტო კონტროლის შემოღებამდე Nvidia 2025 წელს ჩინეთში დაახლოებით 1.5 მილიონი H20 ტიპის ჩიპის გაყიდვას ისახავდა მიზნად, საიდანაც შემოსავალი დაახლოებით $23 მილიარდი იქნებოდა.
ცნობისთვის, აპრილში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთში H20 ჩიპების ექსპორტს აკრძალავდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა კურსი თეთრ სახლში ჰუანგთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა.
წყაროების ინფორმაციით, 6 აგვისტოს ტრამპთან შეხვედრისას ჰუანგმა H20 ჩიპების ჩინეთში ექსპორტის საკითხი წამოაყენა, ხოლო ორი დღის შემდეგ აშშ-ს ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ლიცენზიების გაცემა დაიწყო.
Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ BIS-ის მაღალჩინოსნების ნაწილმა შეშფოთება გამოხატა ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილების მიმართ.
ბოლო პერიოდში აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლატნიკისადმი მიწერილ წერილში ჩინეთის საკითხების ექსპერტმა, მეტ პოტინგერმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, და კიდევ 19-მა ექსპერტმა აშშ-ს მოუწოდა, არ გაეცა ჩინეთში H20 ჩიპების ექსპორტზე ლიცენზიები.
მათი თქმით, H20 ჩიპი "ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის (AI) მოწინავე შესაძლებლობების ძლიერი დამაჩქარებელია" და მისი მომხმარებელი საბოლოოდ ჩინეთის არმია იქნება. Nvidia-ს მტკიცებით, მსგავსი განცხადებები მცდარია. კომპანია უარყოფს იდეას, რომ ჩინეთი H20 ჩიპების გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის შეძლებს.





