რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NBC: თეთრი სახლი ალასკის შტატში პუტინთან ერთად ზელენსკის მიწვევას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Volodymyr Zelenskyy/X

NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი ალასკის შტატში, სადაც პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას განიხილავს.

"ეს განიხილება". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. 

NBC-სთან საუბრისას ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ ჯერჯერობით შეხვედრის დაგეგმვა არ დასრულებულა და გარკვეული არ არის, მიწვეული იქნება თუ არა ზელენსკი ალასკაში შეხვედრისთვის. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ ეს "აბსოლუტურად" შესაძლებელია და "ყველა იმედოვნებს, რომ ეს მოხდება". 

"პრეზიდენტი ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივი სამიტისთვის. ამ მომენტისთვის თეთრი სახლის ყურადღება პრეზიდენტი პუტინის მიერ მოთხოვილი ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზეა მიმართული". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ NBC-სთან საუბრისას. 

NBC-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ზელენსკი პუტინთან ერთად ერთ ოთახში იმ შემთხვევაში, თუ ალასკის შტატში ჩავა. 

ცნობისთვის, ააშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდგომ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში პუტინს შეხვდება.  

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ" და "ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა". 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასევე დაწერა, რომ უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

ცნობისთვის, გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რომელიც დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლასა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვას ითვალისწინებდა. 

მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი წინადადება წარუდგინეს.

WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან. ამასთან, ევროპული წინადადებით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო

გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.

WSJ-ის მიხედვით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე ღირებული არ იქნება. 

კომენტარები