აშშ-აზერბაიჯანი-სომხეთი

ილჰამ ალიევი ვაშინგტონში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვაშინგტონში ჩავიდა.

Эхо Кавказа წერს, რომ მალე ვაშინგტონში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც ჩავა.

ცნობისთვის, 7-8 აგვისტოს ვაშინგტონში ალიევის, ფაშინიანისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მხარეები ისტორიული სამიტის ფარგლებში ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტრამპის მარშრუტი, სამშვიდობო შეთანხმება – სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამიტი ვაშინგტონში

რაუფოღლუ წერს, რომ ერთობლივი დეკლარაცია "ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად" არის დახასიათებული და მისი მიზანი "მშვიდობისკენ შეუქცევადი გზის" შექმნაა. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმული იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები და ფოკუსი ომის თავიდან აცილებიდან მშვიდობის აქტიურ შენებაზე გადავა, წერს ვაშინგტონის კორესპონდენტი.

ამასთანავე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გამოსვლაზე წერილსაც მოაწერენ ხელს. რაუფოღლუს ინფორმაციით, მიიჩნევა, რომ აღნიშნულმა შუამავლობის ფორმატმა, რომელსაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ 1992 წლიდან თავმჯდომარეობენ, ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და ამჟამად უფრო მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე - აგვარებს.

ამავდროულად, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების გარდა, აშშ-ს პრეზიდენტი ორმხრივ შეთანხმებას გამართავს ორივე ქვეყნის ლიდერთან და აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს სომხეთთან და აზერბაიჯანთან - პირველის შემთხვევაში ურთიერთობების "ხელახლა დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად," აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ურთიერთობების "დასაწყებად." რაუფოღლუს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმებში დახასიათებულია შესაძლებლობები, რომლებიც კვირების წინ "ჩანაფიქრშიც" კი არ არსებობდა.

კომენტარები