აშშ-აზერბაიჯანი-სომხეთი

რუბიომ მიუთითა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა შესაძლოა მალე სამშვიდობო შეთანხმება დადონ

მარკო რუბიო
CNN.com

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუთითა, რომ "საკმაოდ მალე" აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლოა სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს. 

ამის შესახებ რუბიომ ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს დონალდ ტრამპის კითხვის პასუხად ადმინისტრაციის საგარეო მიღწევების ჩამოთვლისას თქვა

"თქვენი ლიდერობის დროს შევაჩერეთ და დავასრულეთ ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, NATO[-ს თავდაცვის დაფინანსება] 5%-ზეა პირველად, ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, სამშვიდობო ხელშეკრულება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის, 12-დღიანი ომი, რომელიც ამერიკული ოპერაციით დასრულდა და ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. იმედია, საკმაოდ მალე სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ახლა არსებობს პოტენციალი, რომ მთლიანად ახლო აღმოსავლეთი და მისი ინფრასტრუქტურა შეიცვალოს სირიისა და ლიბანის გამო. ჯერ კიდევ ექვსი თვეც არ გასულა, ასე რომ ეს პირდაპირ მეტყველებს თქვენს ლიდერობაზე". - თქვა რუბიომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.

შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები