31 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მიერ მიღებულ უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
"მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს ჩემი ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერისთვის - ახლა ეს უკვე კანონია. მე ხელი დოკუმენტს უკვე მოვაწერე და მისი ტექსტი მყისიერად გამოქვეყნდება" – განაცხადა ზელენსკიმ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
ზელენსკის თქმით, ახალი კანონი ანტიკორუფციული სტრუქტურებისა და ყველა უკრაინული სამართალდამცავი ორგანოს სათანადო და დამოუკიდებელი მუშაობისთვის გარანტიებს უზრუნველყოფს.
კანონის კენჭისყრის პროცესი პირდაპირ ეთერში გაშუქდა. ეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უმაღლესი რადას კენჭისყრა პირდაპირი ეთერში გაშუქდა. კანონს მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში 1 აგვისტოდან შევა.
ახალი კანონი აუქმებს 22 ივლისს მიღებულ კანონმდებლობას, რომელმაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) დამოუკიდებლობა გააუქმა.
24 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.
ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას და რუსეთის გავლენისა და ჩარევისგან ქვეყნის სამართლებრივ სისტემას იცავს. მან დოკუმენტს "დაბალანსებული" უწოდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
მანამდე, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.
23 ივლისს ზელენსკიმ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში საზოგადოებას მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების ერთობლივ გეგმას წარუდგენდნენ.
"ჩვენ გვესმის, რას ითხოვს საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რისი მოლოდინი აქვთ ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, უზრუნველყოფილი სამართალი და ყველა ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენ განვიხილეთ ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული და სამართლებრივი გადაწყვეტილება, რაც გააძლიერებს ყველა ინსიტუტის მუშაობას გააძლიერებს, აღმოფხვრის არსებულ წინააღმდეგობებსა და საფრთხეებს" - თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.





