25 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კეირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოებრიობა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს.
სტარმერმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ღაზაში ომის დასრულების გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის "პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზეა" კონცენტრირებული, რომლებიც ომის დასასრულებლად რეალურ ცვლილებას გამოიწვევს.
"პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ამ ნაბიჯების ნაწილი უნდა იყოს. ამ საკითხში მე მტკიცე ვარ. მაგრამ ეს უნდა იყოს ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ ორი სახელმწიფოს პრინციპის აღსრულებითა და პალესტინის და ისრაელის მოსახლეობის მდგრადი უსაფრთხოებით დასრულდება" - განაცხადა სტარმერმა.
მანამდე, 25 ივლისს 220-ზე მეტმა ბრიტანელმა პარლამენტარმა სტარმერს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ოფიციალურად აღიარების მოთხოვნით მიმართა.
ცნობისთვის, 24 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.





