გამოსახლება

საკუთრების უფლებასაც დაცვა სჭირდება და იქ ყოფნა უსაფრთხოც არაა - სარჯველაძე გამოსახლებაზე

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ადამიანების იქ ყოფნა უსაფრთხო არაა.

"ერთი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, საკუთრების უფლებასაც დაცვა სჭირდება და ამავდროულად, ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა უსაფრთხო არაა. შენობის მდგომარეობა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას არ იძლევა. 

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და გარკვეული მოვალეობა აქვს - გარკვეული ნორმები დაცვას მოითხოვს [...] ვინც იქ იმყოფება, ყველა მოქალაქე დევნილი არაა. რაც იდენტიფიცირებულია, მათი რიცხვი არის - 58". - თქვა სარჯველაძემ.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიერ შენობიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.

მაცხოვრებლების ცნობით, მერიამ მათ 2-3 თვით ქირის გადახდა შესთავაზა.

აღსრულების პოლიციის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობას მინიჭებული აქვს მეოთხე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი.

კომენტარები