22 ივლისს, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში უკრაინის თავდასხმების გამო გადავადებული ფრენების მგზავრებისთვის დასასვენებელი ზონა მოაწყვეს. ამის შესახებ ТАСС-თან საუბარში აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ანა ზახარენკოვამ განაცხადა.
"შერემეტიევოს აეროპორტში, ინფორმირებისა და უფასო წყლის დარიგების პარალელურად, აეროპორტის თანამშრომლები მაქსიმალურად ეხმარებიან მგზავრებს - მათ შორის მოწყობილია დასასვენებელი ზონები და გაიცემა მატრასები" - აღნიშნა მან.
ტელეგრამ-არხი Baza მგზავრებზე დაყრდნობით წერს, რომ მატრასებს უპირველესად ბავშვებიან ოჯახებს ურიგებენ.
გამოცემა Medusa აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებმა უკრაინული დრონების თავდასხმების გამო შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე არაერთხელ შემოიღეს. ავიარეისების გაუქმებისა და დაგვიანების შედეგად ათასობით მგზავრი დაზარალდა. მედიასაშუალებები და ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს შერემეტიევოს აეროპორტში ხელოვნურ ბალახზე მძინარე ადამიანების შესახებ.





