რუსეთი

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც "ექსტრემისტული მასალის მოძიებაზე" ჯარიმას აწესებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ დანაშაულად აცხადებს "ექსტრემისტული მასალის ძიებასა და მათზე წვდომის მოპოვებას" და ჯარიმას აწესებს.

ამასთან, რუსი დეპუტატის მიერ მიღებული შესწორებით, "ექსტრემისტული მასალის ძიება" VPN მომსახურების გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებად არის მოაზრებული. კანონპროექტი ჯარიმას ითვალისწინებს VPN მომსახურების რეკლამირებისთვისაც. 

კანონპროექტი "ექსტრემისტული მასალების განზრახ მოძიებისთვის" 3 000-იდან 5 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დაჯარიმდება ასევე VPN მომსახურების "გამოყენების წესის დარღვევა". 

გარდა ამისა, ამ კანონპროექტით VPN მომსახურების რეკლამირებისთვის რუსეთის მოქალაქეებს 50 ათასიდან 80 ათას რუბლამდე ჯარიმა, თანამდებობის პირებს კი 80 ათასიდან 150 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო იურიდიული პირებისთვის გათვალისწინებული სასჯელი 200 ათასიდან 500 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, ეს შესწორება გააკრიტიკა, მათ შორის, კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რომელმაც თქვა, რომ რუს პროპაგანდისტებს "ექსტრემისტული მასალის" მოძიება მათ გამოსაკვლევად  და "შესარცხვენად" სჭირდებათ.

კომენტარები