უკრაინა

უკრაინის რადაში მიღებული კანონპროექტი ორ ანტიკორუფციულ ინსტიტუტს დამოუკიდებლობას უკარგავს

უკრაინის პარლამენტი კიევში
Sean Gallup / Getty Images

უკრაინის პარლამენტმა 22 ივლისს მხარი დაუჭირა შესწორებას, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს. 

გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (SAPO) მიერ ჩატარებულ გამოძიებებში. 

აღნიშნული ორი სააგენტო ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ გატარებული ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში ჩამოყალიბდა, თუმცა უკრაინული მედიის მიხედვით, ბოლო პერიოდში მათ წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან წნეხი გაიზარდა. 

კანონპროექტს მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს, თუმცა მას ვეტოს დადების უფლებამოსილებაც გააჩნია. 

ახალი კანონპროექტით, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, მითითებები მისცეს უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან, კანონპროექტი გენერალურ პროკურორს სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალებასაც მისცემს.

ამას გარდა, ახალი კანონპროექტით უკრაინის გენერალურ პროკურორს შეეძლება, NABU-ს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს. 

უკრაინული მედიის თქმით, დამკვირვებლების გაფრთხილებით, კანონპროექტში შეტანილი შესწორებები ხელს შეუშლის ორი სააგენტოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ან მთავრობის წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას. 

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რადაში კენჭისყრის გამართვამდე განაცხადა, რომ შეტანილი ცვლილებები ტოლფასი იქნება "NABU-სა და SAPO-ს განადგურებისა და მათი საქმიანობის ფაქტობრივად გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარების".

"ეს რეალურად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობის დასასრულია," განაცხადა SAPO-ს თავმჯდომარემ, ოლექსანდრ კლიმენკომ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, NABU-ს დირექტორმა სემიონ კრივონოსმა ხსენებული კანონპროექტი დაგმო და დაამატა, რომ ის საფრთხეს უქმნის უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. კენჭისყრის შემდეგ კი მან იმედი გამოთქვა, რომ ზელენსკი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. 

კომენტარები