ტელეგრამ არხ Baza-მ 22 ივლისს განაცხადა, რომ დღეს დილით მოსკოვის პოლიციამ მათი არხის სათავო ოფისი გაჩხრიკა.
არხის მიხედვით, პოლიციამ ასევე ჩხრეკა მოაწყო Baza-ს მთავარი რედაქტორის, გლებ ტრიფონოვის სახლშიც, რომელიც განცხადების მომენტში სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ პასუხობდა. მეზობლებმა Baza-ს განუცხადეს, რომ ტრიფონოვი უცნობ ადგილზე გადაიყვანეს.
დამოუკიდებელი გამოცემა Moscow Times წერს, რომ Baza პროსახელისუფლებო პოზიციითაა ცნობილი და ახლო კავშირები აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. ტელეგრამ არხი ხშირად ეყრდნობა პოლიციიდან ანონიმურ წყაროებს და მას Telegram-ze 1.6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
გამოცემა ასევე წერს, რომ ჩხრეკებისა და დაკავებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, პროკრემლისტურ ტელეგრამ არხ Раньше всех. Ну почти.-ზე გავრცელდა სურათები და ვიდეო, რომელშიც Baza-ს სათავო ოფისში მყოფი სამართალდამცავები და იქვე მდგომი Baza-ს თანამშრომლები ჩანდნენ.
თავდაპირველად, Baza წერდა, რომ ჩხრეკის მიზეზი უცნობი იყო. არხი ვარაუდობდა, რომ ეს შესაძლოა "რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში" სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან იყო კავშირში. მოგვიანებით, Baza-მ დაწერა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ გამოძიება დაიწყო. მიზეზად დასახელდა სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის სავარაუდო გაჟონვა, რაც მოგვიანებით ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.
გავრცელებულ განცხადებაში გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ პოლიციამ გამოძიებასთან დაკავშირებული ჩხრეკები მოსკოვისა და კრასნოდარის, კრასნოიარსკისა და ბელგოროდის ოლქებში მოაწყო.





