გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის თქმით, ისინი მოითხოვენ ბაჩიაშვილისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.
ადვოკატმა TV პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია იმ გარემოებების დადგენა, თუ სად იხდიდა სასჯელს თავდამსხმელი და რა საფუძვლით გადაიყვანეს ბაჩიაშვილის საკანში. მისი ცნობით, თუ დაზარალებულის სტატუსს არ მიანიჭებენ ბაჩიაშვილს, შესაბამისი განცხადებით პროკურატურას მიმართავენ.
"შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის ასახავს ორკესტრირებულ ქმედებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე მომხდარიყო თავდასხმა და მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. ის, რაც მოხდა 11 და 12 ივლისს, ამიტომ იმ გარემოებების დადგენა, სად იხდიდა სასჯელს აღნიშნული პიროვნება, იყო მუდმივად განთავსებული ნახევრად ღია თუ დახურულ დაწესებულებაში, რა საფუძვლით, როდის და საიდან გადმოიყვანეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს მივმართავთ სახალხო დამცველს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ სიტუაციას.
ამავდროულად, თქვენ იცით, რომ პარასკევს გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვა მოხდა. მან ძალიან დეტალური ჩვენება მისცა გამომძიებელს. ჩვენ ერთ დღეს, ანუ დღევანდელ დღეს, სამუშაო დღეს დაველოდებით პროკურატურას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება რომ მოხდეს მისთვის, თუ აპირებენ, თუ არა და ხვალ შესაბამისი განცხადებით მივმართავთ პროკურატურას." - თქვა დავით ჯანდიერმა TV პირველთან ინტერვიუში.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი მალევე დაადასტურა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება". თავად ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების “უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას” უკავშირებს.





