გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და პუტინის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მისი წინასაარჩევნო განცხადებებით აიხსნება. ჯონსონის თქმით, ტრამპმა არჩევნებამდე აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი შეთანხმებაზე უარს იტყოდა, "უკრაინის მხარდაჭერას გააორმაგებდა".
ამის შესახებ ჯონსონი Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, სათაურით "რატომ მიდის ტრამპი პუტინის წინააღმდეგ რეალურად და უკრაინას კვლავ შეუძლია, რომ გამარჯვებაზე ოცნება გაბედოს".
"აშშ-ს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ტრამპმა ცხადყო, რომ ორივე მხარეს შეთანხმებას შესთავაზებდა. თუ უკრაინელები უარს იტყოდნენ, მათ მხარდაჭერასა და იარაღის ნაკადს შეწყვეტდა. თუ რუსები უარს იტყოდნენ, უკრაინის მხარდაჭერას გააორმაგებდა.
ეს არის, რაც მეტნაკლებად ხდება ახლა. შეთანხმება, რომელიც ტრამპმა უკრაინელებს შესთავაზა, მრავალმხრივ უფრო მკაცრი იყო. მათ მინერალურ საბადოებზე ამერიკის წვდომას უნდა დათანხმებულიყვნენ. უნდა მიეღოთ, რომ NATO-ს წევრობა არ განიხილებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
ყველაზე მტკივნეულია, რომ მათ უნდა მიეღოთ, რომ ტერიტორიის მთლიანად აღდგენას ვერ შეძლებდნენ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ზელენსკის ეყო სიბრძნე, რომ ამ პირობებში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმებოდა.
პუტინმა მასზე უარი თქვა კვლავ და კვლავ. როგორც ჩანს, ტრამპს საბოლოოდ ყელში ამოუვიდა.
რუსეთს ამ ზაფხულს გაუჭირდება პროგრესი საბრძოლო ველზე, სადაც ზოგადად თავდაცვა უფრო მარტივია, ვიდრე თავდასხმა.
მათ უკან მდგომ უკრაინელებს ახლა აქვთ უპირატესობა ერთიანი NATO-ს სახით, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი უძღვება, ვინც ვერ დაუშვებს, რომ პუტინმა აჯობოს და რომელსაც უბრალოდ ომის დასასრულებლად გამბედაობა ჰყოფნის". - წერს ჯონსონი.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშების კადრების ყურების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა ვლადიმირ პუტინის მიმართ და მას უკრაინაში გასაგზავნად Patriot-ის ხუთი სისტემის მიყიდვა შესთავაზა.
წყაროების თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი გაკვირვებული დარჩა ტრამპის სიტყვებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინის მიმართ მოთმინება დაკარგა. ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპმა მერცს უთხრა, რომ ახლა მზად იყო, მიეღო რამდენიმე დღის წინ მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც გერმანიის დაფინანსებით უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემების შესყიდვას გულისხმობდა.
გამოცემის მიხედვით, გერმანია, დიდი ალბათობით, თავის ორ Patriot-ის სისტემას გაუგზავნის უკრაინას და ჩასანაცვლებელ სისტემებს აშშ-ს $2 მილიარდად შეუკვეთს. ამასთან, ნორვეგია უკრაინისთვის კიდევ ერთ სისტემას იყიდის, ხოლო NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სხვა პოტენციურ კონტრიბუტორებად კანადა, დანია და ფინეთი დაასახელა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან.
თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან.
ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.
თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს "სერიოზული" უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ სურთ, გაიგონ, თუ "რით ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტი."
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, გავიგოთ, რა დგას ტრამპის მიერ 50 დღეზე გაკეთებული განცხადების უკან. ადრე ყოფილა 24 საათი, 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს." - განაცხადა ლავროვმა.





