რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხელისუფლება ჯერ არ გამოგვხმაურებია, რაღაც მაინც გააკეთონ ბავშვისთვის – გაწერელიას დედა

უკრაინის მხარეს მებრძოლი და შემდგომში ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის, 24 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი სახელმწიფოსგან დახმრებას ითხოვს.

გაწერელიას დედის, დალი ჩხეიძის თქმით, მისი შვილი 2 თვის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოსულა, ხოლო მედიებთან ინტერვიუების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ოჯახს ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია.

"ადვოკატი შევიდა გუშინწინ და წერილი გამოგვიგზავნა გუშინ. ძალიან გაუხარდა [მამუკას] ჩემი ნახვაო, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთო. იწერება, "არ ინერვიულო დედა, მალე გამოვალ და ყველაფერი კარგად იქნებაო". ორი თვე არ გამოსულა კონტაქტზე, თან იწერება თანამშრომლები შეიცვალა და არ იციან წერილების გაგზავნაზე, ახლა ეწყობიანო და შემდეგში უფრო ხშირად გამოვაგზავნი წერილებსო.

ხელისუფლება ამ ინტერვიუების მერე ჯერ არც გამომხმაურებია. მოთხოვნა გვაქვს ის, რომ რაღაც მაინც გააკეთონ ამ ბავშვის გულისთვის. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ტყვეობაშია. ძალიან მოკლე წერილი მოვიდა - მეც მიკვირს ასეთი პატარა წერილი რატომ დაწერა, მაგრამ ისევ შედის 28-ში მეორე ადვოკატი და იმედია, მერე მაინც ვრცლად მოგვწერს". - თქვა ჩხეიძემ TV პირველთან საუბრისას.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წარსულში უკრაინის მხარეს მებრძოლი და შემდგომში ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამუკა გაწერელია ორთვიანი უკონტაქტობის შემდეგ საქართველოში მყოფ მშობლებს რუსეთის კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა.

მამუკა გაწერელიას დედამ, დალი ჩხეიძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადვოკატმა მისი შვილი მორდოვეთის რესპუბლიკის კოლონიაში, "დუბრავლაგში" 17 ივლისს ნახა. ამასთან, ადვოკატმა ოჯახს დანაბარები ელექტრონულად მიაწოდა, მან კი სათქმელი თავადვე დაბეჭდა და მამუკასთან საუბრის შინაარსი მშობლებს ბეჭდური ფორმით გადასცა. 

ცნობისთვის, მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მტრის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, "აზოვსტალი" დატოვეს.

მოგვიანებით, 2024 წლის თებერვალში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ "სამი რუსი სამხედროს" სავარაუდო მკვლელობისთვის მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები