რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"დედა! მალე სახლში ვიქნები, ნუ განიცდი" – რუსეთში უვადოდ დაპატიმრებული ქართველი მებრძოლი

22 წლის მამუკა გაწერელია
რუსეთის გენერალური პროკურატურა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წარსულში უკრაინის მხარეს მებრძოლი და შემდგომში ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამუკა გაწერელია ორთვიანი უკონტაქტობის შემდეგ საქართველოში მყოფ მშობლებს რუსეთის კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა.

მამუკა გაწერელიას დედამ, დალი ჩხეიძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადვოკატმა მისი შვილი მორდოვეთის რესპუბლიკის კოლონიაში, "დუბრავლაგში" 17 ივლისს ნახა. ამასთან, ადვოკატმა ოჯახს დანაბარები ელექტრონულად მიაწოდა, მან კი სათქმელი თავადვე დაბეჭდა და მამუკასთან საუბრის შინაარსი მშობლებს ბეჭდური ფორმით გადასცა. 

"დედა! მეც ძალიან მენატრები. მალე სახლში ვიქნები, ნუ ნერვიულობ, ნუ განიცდი.

გამარჯობა, ძმაო, ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხარ? რაც შეეხება წერილებს, ახლა შეფერხებაა. თანამშრომლები შეიცვალნენ და ახლები ჯერ ვერ აბამენ თავს. მალე ყველაფერი მოგვარდება. მე კარგად ვარ. ყველა ნორმალურად მექცევა. რო რამე, შემიძლია საკუთარი თავის დაცვა. ასე რომ, ამის გამო არ შეგეშინდეთ.

მა, გთხოვ, შედი ინტერნეტში, მოძებნე ყველაზე კარგი წიგნები სკანდინავიის თემატიკაზე და მათი სია გამომიგზავნე [...]" - წერს მამუკა გაწერელია.

რადიო თავისუფლების მიხედვით, გაწერელიას ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. მათგან 2024 წლის თებერვალში პასუხიც მიიღო, როდესაც განუცხადეს, რომ "საკითხზე მუშაობა" დაწყებული იყო, თუმცა პატიმრობაში მყოფი ქართველის დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ახალი ინფორმაცია არ მიუღია. 

"რა ნაბიჯები გადადგა ან გადადგა თუ არა რაიმე ნაბიჯები საგარეო საქმეთა სამინისტრომ მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებით, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ უწყებისგან ვერ მიიღო. 17 ივლისს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან“. - ამბობს დალი ჩხეიძე. 

ცნობისთვის, მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მტრის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, "აზოვსტალი" დატოვეს.

მოგვიანებით, 2024 წლის თებერვალში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ "სამი რუსი სამხედროს" სავარაუდო მკვლელობისთვის მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები