გატაცებული უკრაინელი ბავშვები

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ერმაკის ცნობით სამშობლოში დაბრუნებული ბავშვების ასაკი 10-დან 17 წლამდე მერყეობს.

"განსაკუთრებით გამოსარჩევია ერთი ისტორია - ოჯახი, რომლის ხუთი და-ძმა დავაბრუნეთ სახლში. ისინი რუსეთში წაიყვანეს და დიდი ხნის განმავლობაში მათზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. საბოლოოდ, მათ უკრაინაში მყოფ უფროს დასთან კონტაქტის დამყარება მოახერხეს და სთხოვეს: "გთხოვთ, სახლში წაგვიყვანეთ".

თუმცა ამის შემდეგ დაბრუნების გზა მაინც ძალიან რთული იყო. რუსეთის მზრუნველობის ორგანოებმა ბავშვებზე ზეწოლა მოახდინეს, პროცესი გააჭიანურეს და მათ აზრის შეცვლას ცდილობდნენ" - წერს ერმაკი.

მისი თქმით, მათი დაბრუნება ერთი წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუღალავი და ფრთხილად დაგეგმილი მუშაობის შედეგად მოხერხდა. ერმაკი კატარს შუამავლობისთვის და უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის გუნდს კოორდინირებული და პრინციპული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

ერმაკი აღნიშნავს, რომ "უკრაინა არ გაჩერდება, სანამ ჩვენი ყველა ბავშვი სახლში არ დაბრუნდება".

კომენტარები