აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, სირიაში ყველა მხარე "კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და შემაძრწუნებელ სიტუაციას ამ ღამით დაასრულებს".
ამის შესახებ რუბიო X-ზე წერს.
"სირიაში შეტაკებებში მონაწილე ყველა მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია. შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და შემაძრწუნებელ სიტუაციას ამ ღამით დაასრულებს. ეს ყველა მხარისგან მათ მიერ დაპირებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს და ეს არის, რასაც მათგან სრულად მოველით". - წერს რუბიო.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ისრაელსა და სირიას შორის სავარაუდოდ "გაუგებრობა" მოხდა და აშშ მომდევნო საათებში სიტუაციის დეესკალაციას ელის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.
აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, X-ზე დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო". მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ.
15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად.
ქალაქში შესვლის შემდეგ სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ “ცეცხლის შეწყვეტა” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “სამხედრო ქცევის დასარეგულირებლად და დამნაშავეების დასასჯელად” ადგილზე სამხედრო პოლიცია გააგზავნეს.
დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.
ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”.





