ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ მათ ცოტა ხნის წინ დამასკოში დრონებით იერიში მიიტანეს და სირიის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დაარტყეს.
"IDF განაგრძობს განვითარებული მოვლენების მონიტორინგსა და დრუზი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებებს სამხრეთ სირიაში და პოლიტიკური ეშელონის დირექტივების შესაბამისად იერიშები მიაქვს ამ ტერიტორიაზე და ემზადება სხვადასხვა სცენარისთვის," წერია განცხადებაში.
სირიულ მედიაში მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის არმიის შტაბ-ბინაზე ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა. ამასთან, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში.
X-ზე ასევე გავრცელდა კადრები, რომელშიც დამასკოზე ისრაელის ერთ-ერთი დარტყმა ჩანს:
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნული ვიდეო X-ზე თავადაც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო".
მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოზე ჩანს ისრაელის მხრიდან სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობის დაბომბვის კადრები.
დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.
ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”.
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე კარმელსა და გალილეაში დაახლოებით 130 000 დრუზი ცხოვრობს. მათზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში (IDF) სავალდებულო სამხედრო გაწვევა 1957 წლიდან ვრცელდება - დრუზების ნაწილს კი პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვან თანამდებობები უკავია.
ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. თებერვალში ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები




