დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მომდევნო საათებში დეესკალაციას მოველით – რუბიო სირიის რეჟიმზე ისრაელის იერიშებზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ისრაელსა და სირიას შორის სავარაუდოდ "გაუგებრობა" მოხდა და აშშ მომდევნო საათებში სიტუაციის დეესკალაციას ელის. 

ამის შესახებ რუბიომ რეპორტიორებთან ილაპარაკა.

"ეს ისტორიული, დიდი ხნის მტრობებია სამხრეთდასავლეთ სირიაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ბედუინებსა და დრუზების თემს შორის. ამან გამოიწვია სამწუხარო სიტუაცია და, როგორც ჩანს, გაუგებრობა ისრაელისა და სირიის მხარეებს შორის. მათთან, ორივე მხარესთან, მთელი დილა და მთელი ღამე ჩართულები ვიყავით და ვფიქრობთ, რომ რეალური დეესკალაციის გზაზე ვართ და შემდგომ, იმედია, დავუბრუნდებით სირიის დახმარებას უკეთესი ქვეყნის შენებაში და ახლო აღმოსავლეთში ისეთი ვითარების მიღწევაში, რომელიც გაცილებით უფრო სტაბილურია. მომდევნო რამდენიმე საათში მოველით, რომ რეალურ პროგრესს ვიხილავთ". - თქვა რუბიომ. 

ცოტა ხნით ადრე რუბიომ თქვა, რომ აშშ სირიის ახალ რეჟიმზე ისრაელის იერიშების გამო შეშფოთებული იყო და სურდა, რომ სამხედრო დაპირისპირება დასრულებულიყო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.

აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, X-ზე დაწერა, რომ "მძიმე დარტყმები დაიწყო". მანამდე, მან სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ. 

15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად. 

ქალაქში შესვლის შემდეგ სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ  “ცეცხლის შეწყვეტა” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “სამხედრო ქცევის დასარეგულირებლად და დამნაშავეების დასასჯელად” ადგილზე სამხედრო პოლიცია გააგზავნეს. 

დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”. 

კომენტარები