შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტს აფერხებს.
"შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედიებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სომხური ტვირთების (მათ შორის, გაზპროდუქტების) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციასა და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.
აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად აღმოიფხვრა". - წერია RS-ის განცხადებაში.
RS-ის განცხადებით, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.
OC Media-ს ინფორმაციით, სომხეთში სატრანსპორტო საშუალებებში ფართოდ გამოყენებული თხევადი გაზის (LNG) ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.
გამოცემის ცნობით, სომხეთში გაზის ფასმა ლიტრზე 170 დრამს ($0.44), რაც წინა ფასთან შედარებით მკვეთრი ზრდაა. ადგილობრივების თქმით, ცვლილება საწვავის შევსების ხარჯებს 9-10 დოლარით გაზრდის.
მედიის ცნობით, 500 სომხური სატვირთო ავტომობილი საქართველოს საზღვარზე 8-9 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. იმპორტიორების თქმით, მსგავსი შეფერხებები მათ აქამდე მხოლოდ ამინდისა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო განუცდიათ, ახლანდელი სიტუაციის მიზეზი კი უცნობია.





