სომხეთი-საქართველო

ბოჭორიშვილი: მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას ევროკავშირსა და აშშ-სთან

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი მიესალმება სომხეთის დაახლოებას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ გვახარებს ის, რომ ჩვენი მეზობელი პარტნიორებთან ამ მიმართულებით ავითარებს ურთიერთობებს". – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

14 იანვარს სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.

ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში სტაბილურობისკენ და გამოხატავს მზაობას, მხარი დაუჭიროს მშვიდობის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

"ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო სურვილები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება პირველ რიგში ეკონომიკის, ტრანსპორტის, გარემოსდაცვით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და სხვადასხვა სფეროს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში არის, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები" - თქვა ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე.

დღესვე ერევანს ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ეწვევა. ის შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან, რის შემდეგაც სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 14-ე შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები