ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის საქმე "ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს". კობახიძემ მადლობა გადაუხადა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც 20 ივნისის საქმის გამოძიება მოითხოვა.
"გახსოვთ, როგორი იყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი. თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე - ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა, დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ - რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით დამატებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა ზოგადად მდგომარეობა აქამდე" - განაცხადა კობახიძიემ.
11 ივლისს, რეჟიმმა პარლამენტთან, 2019 წლის 20-21 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტები.
20 ივნისთან დაკავშირებით, წულუკიანის კომისიაზე გამოკითხეს პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია, რომელიც 2019 წელს შს მინისტრი იყო. გარდა ამისა, კომისიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ექსპრემიერის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძეც დაიკითხა. ჭოლაძემ კომისიაზე თქვა, რომ გახარიამ მანამ, სანამ აქციაზე სპეცსაშუალებების გამოყენება მოხდებოდა, ბახტაძეს მედიასთან კომენტარზე გასვლამდე თავად შეუდგინა მესიჯი, რომ მთავრობა არანაირ სპეცსაშუალებას არ გამოიყენებდა.
ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.
კობახიძე 2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, სწორედ მის სკამში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩაჯდომამ გამოიწვია მასშტაბური პროტესტი საზოგადოებაში.





