წულუკიანის კომისიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით იმდროინდელი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძე იკითხება. ჭოლაძე კომისიაზე დეტალურად იხსენებს 20 ივნისის ღამის მოვლენებს. მისი თქმით, გახარიამ მანამდე, სანამ აქციაზე სპეცსაშუალებების გამოყენება მოხდებოდა, ბახტაძეს მედიასთან კომენტარზე გასვლამდე თავად შეუდგინა მესიჯი, რომ მთავრობა არანაირ სპეცსაშუალებას არ გამოიყენებდა.
"გახარიამ თქვენთან ახსენა, ვასულიერებდი [დეპუტატებსო], მე მაგის მოსულიერებული არავინ მინახავს, არც ყავით და წყლით გამასპინძლებული, არც ხაშლამა ჩამოტარებული, მაგისთვის ეცალა? მაგისი არც დრო იყო და არც სიტუაცია. ოთახ-ოთახ დავრბოდიო, არც მაგისი ოთახ-ოთახ სირბილი მინახია, ოთახ-ოთახ ვნახე, როგორ დარბოდა სოზარ სუბარი.
[...] ერთი მომენტი მახსოვს, სოზარმა ჰკითხა, რა ხდებაო და ეგო ძველი კადრებია, ოპო-არხები ატრიალებენო.
იქ ისეთი ხალისიანი იყო, ხალისიანი შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ვთქვა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ განსაკუთრებულად დარდობდა, რა ხდებოდა გარეთ, ძალიან გასაკვირი იყო.
ბახტაძის დაჟინებული მოთხოვდა იყო, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სპეცსაშუალებები, რადგან არ იყო იმ რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გავუმკლავდებოდით. [...] შევთანხმდით ასეთ მესიჯზე: საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერმინისტრს, დამაწყნარებელი მესიჯი და შემდეგ უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სპეცსაშუალებების გამოყენებას. ამაზე შევთანხმდით. [...] მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერმინისტრს - ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალების გამოყენებას" - თქვა კომისიაზე ჭოლაძემ.
პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსის თქმით, მას შემდეგ, რაც ბახტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სპეცსაშუალებებს არ გამოიყენებდნენ, რამდენიმე წუთში სროლა დაიწყო.
"თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა, რომ პარლამენტში გენშტაბი შედგა. მე არ ვიცი რა უნდოდა აქ გენშტაბს, რატომ მოხდა ასე, რატომ ეძახდა აქ დპუტატებს, როცა გვერდით შენობაში არის უმაღლეს დონეზე აღჭურვილი სიტუაციური ოთახი, ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით გაკეთდა.
ბახტაძემ კომენტარზე თქვა, მე, როგორც პრემიერმინისტრი, გეუბნებით, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ეს არ მოხდება. დამთავრდა ეს ამბავი, მოვტრიალდით უკან, იუველური სიზუსტით მახსოვს, ცოტახანს შევჩერდით, რამდენიმე დეპუტატი იდგა. ქვემოდან ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების შეძახილები, [...] შევყოვნდი დერეფანში და როცა შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც მთავრობა იყო შეკრებილი, უკვე სროლა დაწყებული იყო. ანუ, მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში, სანამ მივედი იმ ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული" - ამბობს ჭოლაძე.
როგორც ის წულუკიანის კომისიას უყვება, გახარიას პასუხი მამუკა ბახტაძესთან დაძაბული საუბრის შემდეგ იყო: "მე არაფერ შუაში ვარ, სიტუაცია დაიძაბა და ადგილზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება".
"როგორც არ უნდა მჯეროდეს, ჩემი საკუთარი ძმა რომ ყოფილიყო შს მინისტრი, მას ეთქვა, რომ ასე იყო, [...] თეორიულ ეჭვს დავუშვებდი, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. ის, რომ მან პრემიერს ათქმევინა ეს და სანამ მივედით ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული" - ამბობს გიორგი ჭოლაძე კომისიაზე.





