CBS News დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად გამოყოს უკრაინისთვის ახალი დაფინანსება.
წყაროების თქმით, ახალი დაფინანსების მიზანი შესაძლოა, მესიჯის გაგზავნა იყოს რუსეთისთვის, რომელმაც ბოლო პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით იერიშების მასშტაბი გაზარდა.
მანამდე ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნას გეგმავს. თუმცა, წყაროების თქმით, უკრაინისთვის აშშ-ს ახალი შესაძლო დაფინანსების წყარო უცნობია.
CBS News-ს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ბაიდენის პერიოდის "საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA)" მექანიზმიდან ტრამპს $3.85 მილიარდი აქვს შემორჩენილი, რისი გამოყენებითაც უკრაინაში ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა შეიძლება.
ტელეარხთან ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ასევე თქვეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დაახლოებით $5 მილიარდის ოდენობის რუსული აქტივების კონფისკაციისა და ამ ფინანსების უკრაინისკენ მიმართვის უფლებამოსილებაც აქვს, თუმცა არც ტრამპს და არც ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ გზისთვის არ მიუმართავთ.
4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი" საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი "საუკეთესო იყო" იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.
ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ტრამპმა პუტინის მისამართით კრიტიკული განცხადებები 8 ივლისსაც გააკეთა, როცა მან თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციას "პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას" აყრის, რაც საბოლოო ჯამში უშინაარსო "გამოდგება ხოლმე".
"პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე" - თქვა ტრამპმა ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას.





