ტაივანის სამხედრო წვრთნები

ტაივანი რეკორდულ სამხედრო წვრთნებს ატარებს

9 ივლისს ტაივანმა თავისი ისტორიის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ყოველწლიური "ჰან კუანგის" წვრთნებში წელს რეზერვისტების უპრეცედენტოდ დიდი რიცხვი მონაწილეობს - დაახლოებით 22 000. ასევე, წვრთნების განმავლობაში პირველად გამოიყენება ამერიკული HIMARS-ის სისტემები და მათთან ერთად ტაივანში წარმოებული Sky Sword-ის ანტი-საჰაერო რაკეტები.

ჩინეთის შესაძლო შეჭრის ფონზე, წვრთნების პირველ ეტაპზე სიმულირებული თავდასხმები განხორციელდა სარდლობის სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე.

ოფიციალური პირების განცხადებით, წვრთნების საწყის ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ტაივანის არმია სარდლობის დეცენტრალიზაციას, თუ ჩინეთის მხრიდან სამხედრო კავშირგაბმულობაზე მასიური კიბერთავდასხმა განხორციელდება. წვრთნები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტაივანზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნას შეაფასებს.

ასევე, წვრთნების მნიშვნელოვანი ნაწილი ურბანული ბრძოლების სიმულირებას დაეთმობა.

"უკრაინაში ბოლო წლების მოვლენების მაგალითებს ვაკვირდებით და რეალისტურად ვფიქრობთ იმაზე, რა შეიძლება შეემთხვეს ტაივანს რეალურ ბრძოლაში" - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი რანგის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.

ტაივანი კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიებს მაღალი ინტენსივობის ე.წ. "ნაცრისფერი ზონის“ მოქმედებებად აღიქვამს და მათი ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში, ფართომასშტაბიან ჩინურ თავდასხმას ვარაუდობს.

Reuters აღნიშნავს, რომ პეკინს ტაივანის კონტროლქვეშ მოქცევის მიზნით ძალის გამოყენების შესაძლებლობა არასდროს უარუყვია და კუნძულზე ნებისმიერი თავდასხმა შეიძლება ფართო რეგიონულ ომში გადაიზარდოს.

ტაივანის თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან - ჩინეთის სამხედრო ძალები ყურადღებით დააკვირდებიან ამ წვრთნებს.
 

კომენტარები