რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: ტრამპი ზელენსკის 10 ცალი Patriot-ის სისტემის მყისიერად გადაცემას დაპირდა

ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი
REUTERS/Shannon Stapleton/File Photo

გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს 10 ცალი Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მყისიერად გადაცემას და მათი მიწოდების ალტერნატიული გზის პოვნას დაპირდა.

Axios-ის მიხედვით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა სურდა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს თავისი მარაგების გადასახედად ბოლო პარტიის მიწოდების შეჩერება მოუწია. 

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მეგობრული და პროდუქტიული იყო. Axios წერს, რომ ზარს ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში აშშ-სა და უკრაინის ლიდერებს შორის საუკეთესო საუბრად აფასებენ. პარალელურად, წყაროები ასევე ამბობენ, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით გაღიზიანებულია.

"[უკრაინელებმა] იმაზე უკეთ უნდა იგრძნონ თავი, ვიდრე ტრამპის პრეზიდენტობის ნებისმიერ მომენტში. პუტინი იდიოტივით მოიქცა". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.

გარდა ამისა, Axios ასევე წერს, რომ ზელენსკისა და ტრამპის საუბრამდე ტრამპს მერცი ელაპარაკა, გზაზე შეჩერებული Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა და შესთავაზა, რომ გერმანია სისტემებისთვის სარაკეტო ბატარეებს იყიდდა და უკრაინას გაუგზავნიდა. გამოცემის წყაროების თქმით, ტრმაპმა მერცს შესთავაზა, რომ გერმანიას უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო ბატარეები საკუთარი მარაგიდან მიეყიდა. 

გამოცემის მიხედვით, ტრამპსა და მერცს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა დისკუსია მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას "დამატებით იარაღს გაუგზავნის," რადგან მათ "თავის დაცვა უნდა შეეძლოთ."

"ძალიან ძლიერი იერიშების ქვეშ არიან, დამატებითი შეიარაღების გაგზავნა მოგვიწევს, პირველ რიგში თავდაცვითი შეიარაღების, მაგრამ მათ ძლიერად არტყამენ." - დაამატა მან.

ტრამპის ნათქვამიდან მალევე პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკვე დაიწყო. 

ცნობისთვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. 

თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "ძლიერი ვარიანტების" გაზიარებას განაგრძობს. 

4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი" საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი "საუკეთესო იყო" იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.

ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები