აშშ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის საგადასახადო კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ს კაპიტოლიუმი
Stephanie Keith/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ რესპუბლიკელების საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტს 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

Financial Times აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დამტკიცებას რამდენიმე რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ, ტრამპის პარტიის ყველა წევრმა, ორის გარდა, მხარი დაუჭირა კანონპროექტს - წინააღმდეგი მხოლოდ კენტუკის წარმომადგენელი თომას მესი და პენსილვანიელი ბრაიან ფიცპატრიკი იყვნენ.

ყველა დემოკრატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა - მათი თქმით, საგადასახადო ცვლილებები უმთავრესად აშშ-ს მოსახლეობის უმდიდრეს აძლევს სარგებელს, მაშინ როდესაც ხარჯების შემცირება მილიონობით ამერიკელს ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დატოვებს.

გამოცემა წერს, ​​​​​​კანონპროექტი მზად იქნება, რათა ტრამპმა მას ხელი მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, 4 ივლისამდე მოაწეროს და ის კანონად აქციოს.

რამდენიმე ცვლილების შეტანის შემდეგ კანონპროექტი გუშინ აშშ-ს სენატმაც დაამტკიცა.

რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი კანონპროექტს სახელმწიფო ვალის ზრდის გამო აკრიტიკებდა, ზოგი კი სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების ნაკლებად შემცირებას ითხოვდა. კანონპროექტიდან შეტანილი შესწორებების შედეგად, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის პროექტებზე აქციზი ამოიღეს და კანონპროექტით სოფლების საავადმყოფოებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 25 მილიარდი დოლარიდან 50 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.  

კანონპროექტი 2017 წლის ტრამპის საგადასახადო შემცირებებს აფართოებს და შეიარაღებული ძალებისთვისა და საიმიგრაციო კონტროლისთვის დაფინანსებას ზრდის. 

სენატში კენჭისყრამდე კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი - მას 215 მომხრე და 214 წინააღმდეგი ჰყავდა.

ფედერალური საბიუჯეტო კომიტეტის მონაცემებით, კანონპროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში დამატებით $3.3 ტრილიონის მოცულობის ფედერალური სახელმწიფო ვალის აღებას ითვალისწინებს. ეს რიცხვი, შესაძლოა, რამდენიმე ტრილიონით კვლავ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს საგადასახო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტის გამო, ტრამპსა და ამერიკელ მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს შორის ღია საჯარო დაპირისპირება დაიწყო. მასკმა კანონპროექტს, რომელიც იმ დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში განიხილებოდა, "გულისამრევი საშინელება" უწოდა. 

"დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის

30 ივნისსა და 1 ივლისს მასკი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებით დაიმუქრა.

კომენტარები