რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: 4 ივლისს ტრამპი-ზელენსკის ზარი გაიმართება უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Sven Hoppe/Pool via REUTERS

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, 4 ივლისს დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო ზარის გამართვაა მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც ქვეყნების ლიდერები აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის რიგი მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების დროებით შეჩერებას განიხილავენ.

საკითხზე ინფორმირებულ 4 წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან საუბრისას ასევე წამოაყენებს აშშ-სგან სამომავლოდ შეიარაღების პოტენციური შესყიდვის საკითხსაც. 

ცნობისითვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

NBC News წერდა, რომ Patriot-ის სისტემების გარდა უკრაინას დროებით აღარ გედაეცემა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, 100-ზე მეტი Hellfire-ის ტიპის რაკეტა, GMLRS-ის სისტემებისთვის 250-ზე მეტი საბრძოლო მასალა,"მიწა-ჰაერის" კლასის  Stinger-ის ტიპის ათეულობით რაკეტები, "ჰაერი-ჰაერის" ტიპის საჰაერო მიზნის გზაგადამჭრელი რაკეტები და ყუმბარსატყორცნები. 

Politico კი წერდა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგის შემოწმების შემდეგ არტილერიის ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის შემცირებაზე შეშფოთებების გამო მიიღო. 

მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ცნობები დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ს მხრიდან "მსოფლიოს გარშემო სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და მხარდაჭერის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახედვის შემდეგ ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად". 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. 

თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "ძლიერი ვარიანტების" გაზიარებას განაგრძობს. 

"უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეგვიჩერებია.  ერთი ასპექტია, ერთი სიტუაციაა, ერთი მოვლენაა, რომელიც შეიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროსგან გაიგეთ, სხვა რამდენიმე ძლიერი ვარიანტი და ძალისხმევაა უკრაინის შეიარაღების სიტუაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად არ ვლაპარაკობ, მხოლოდ მათ განცხადებას შემიძლია მივუთითო და იმას, რაც ძალიან პირდაპირ განაცხადეს. პრეზიდენტმა ასევე მიუთითა Patriot-ის რაკეტების შესახებ თავის ერთგულებაზე. გავიმეორებ, ეს არ არის უკრაინისთვის ჩვენი დახმარების ან იარაღის მიწოდების შეჩერება. ეს არის ერთი მოვლენა ერთ სიტუაციაში". - თქვა ბრიუსმა. 

მანამდე,  აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაგრძობს და, ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო ამ ამოცანის მიღწევისთვისა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებისთვის თავის მიდგომას აანალიზებს. 

"თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების ძლიერი ვარიანტების გაზიარებას განაგრძობს, რაც შეესაბამება მის მიზანს, რომ ეს ტრაგიკული ომი დასრულდეს. ამავდროულად, სამინისტრო საგულდაგულოდ იკვლევს და ცვლის თავის მიდგომას ამ ამოცანის მიღწევისადმი და პარალელურად ადმინისტრაციის თავდაცვის პრიორიტეტებისთვის აშშ-ს შეიარაღებული ძალების მზაობის შენარჩუნებისადმი". - წერია კოლბის განცხადებაში.

კომენტარები